გინეკოლოგიური ონკოლოგია
გინეკოლოგიური ონკოლოგია ეხება კიბოს და კიბოს გამომწვევ დაავადებებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაში. გინეკოლოგიური კიბო, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქალებში ძუძუს კიბოს შემდეგ, შეიძლება განიკურნოს ადრეული დიაგნოსტიკით და მკურნალობის ეფექტური მეთოდებით.
რა დაავადებებს მკურნალობს ის?
გინეკოლოგიური ონკოლოგიური ქირურგია იყენებს წარმატებულ სამკურნალო მეთოდებს კიბოს მრავალი სახეობის სამკურნალოდ.
ვულვას კიბო
ვულვას კიბო, კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა საშვილოსნოს და საკვერცხის კიბოს შემდეგ, გვხვდება ქალის რეპროდუქციული სისტემის გარეთა სასქესო ორგანოებში. კანში გამოვლენილი კიბო, მათ შორის კლიტორის და საშოს შესასვლელის, საკმაოდ ნელა პროგრესირებს. ზოგჯერ გამოიხატება უმნიშვნელო სიმპტომებით. ვულვის მცირედი ტკივილის შეგრძნება, რომელიც სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის და მენსტრულური ციკლის დროს ნორმალურია. თუმცა, თუ ტკივილი თვეების განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. ამ გზით ადრეულ ეტაპზე ხდება კიბოს წინამორბედი დაავადებების გამოვლენა.
ვულვის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდი , რომ უჯრედული მუტაციები და HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) ვირუსი შეიძლება იყოს ვულვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის.
ვულვის კიბო მიმდინარეობს სხვადასხვა სიმპტომებით. მათ შორის არის:
- ტკივილი და სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს,
- ქავილი, შეშუპება და წვა გარეთა სასქესო ორგანოებში
- არამენსტრუალური სისხლდენა
- წარმონაქმნები,
- ტკივილი შარდვის დროს,
- საზარდულის არეში შეუხორცებელი წყლულები,
- გამონაყარი გენიტალურ მიდამოებში.
საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გვიან დიაგნოსტირებადი სახეობაა და შესაბამისად გართულებულია მისი მკურნალობა. ის ძირითადად გვხვდება ეპითელიუმსა და ემბრიონულ უჯრედებში, რომლებიც შეადგენენ საკვერცხის ძირითად ნაწილს. ამ უჯრედების ანომალიური გამრავლების დროს ვითარდება საკვერცხის კიბო. საკვერცხის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გენური მუტაციები და გენეტიკური ფაქტორები შესაძლო მიზეზებს შორისაა.რისკი შედარებით მაღალია ასევე არანამშობიარებ ქალებში.
საკვერცხის კიბოს გვიანი დიაგნოზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ზოგადი დამახასიათებელი სიმპტომების არარსებობა. ის ჩვეულებრივ ვლინდება შებერილობის და ტკივილის სახით მუცლის არეში. თუმცა პაციენტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში მათი უგულვებელყოფა ხდება. სიმსივნის ზრდასთან ერთად წარმოიქმნება ნაწლავების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა ნაწილში გამოვლენილი სხვა ჩივილებია სისხლდენა საშოდან, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაქვეითება და წონის სწრაფი კლება, ხშირი შარდვა და ყაბზობა, საკვერცხის კიბოსთან დაკავშირებული პირველი სიმპტომია ტკივილი და შებერილობა მუცლის არეში.
საკვერცხის კიბო უფრო ხშირად ვითარდება მენოპაუზის შემდეგ. ამ ასაკის პაციენტებში კიბო ეპითელურ ქსოვილებში ჩნდება. ხოლო 20 წლამდე ასაკის პაციენტებში სიმსივნე მოიცავს ემბრიონულ ქსოვილებაც.
ქირურგიული მეთოდები ჩვეულებრივ გამოიყენება გვიან დიაგნოსტირებული საკვერცხის კიბოს მკურნალობაში. განსაკუთრებით ბოლო სტადიებზე კიბოს სხვა ორგანოებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხდება სიმსივნური ქსოვილის მთლიანად ამოკვეთა და ქიმიოთერაპიული მკურნალობა.
საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის უმეტესობა უკავშირდება HPV ვირუსს, მთელ მსოფლიოში კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ქალებში. HPV-სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, იწვევს ქალებში სასქესო ორგანოების ინფექციებს. HPV ვირუსი, რომელიც იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების და რეპროდუქციული სისტემის კიბოს, როგორც წესი, არ ავლენს ბევრ სიმპტომს და ხასიათდება მაღალი გადამდებიანობით. სიმპტომების გაურკვევლობა იწვევს გადამდებიანობის გაზრდას და ზოგ შემთხვევაში წლების მანძილზე ვირუსის მტარებლობას.
გარდა HPV ვირუსისა, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია კიდევ რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორისაა სუსტი იმუნური სისტემა, მოწევა, მრავალჯერ მშობიარობა და სექსუალური პარტნიორების ხშირი შეცვლა.
კიბო, რომელიც ძირითადად 30-50 წლამდე ასაკში გვხვდება, იშვიათად, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ხანდაზმულ ასაკშიც. სიმპტომების გვიან გამოვლენა ართულებს ადრეულ დიაგნოზს. ადრეულ სტადიაზე საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის დროს არ შეინიშნება არანაირი პათოლოგიური ცვლილებები. შემდგომ პერიოდში ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, როგორიცაა: არამენსტრუალური სისხლდენა, მათ შორის სქესობრივი აქტის დროს, ტკივილი ბარძაყისა და ზურგის არეში, მადის დაკარგვა, წონაში კლება და შარდვის პრობლემები, შესაძლებელია სიმსივნის დიაგნოზის დასმა.
საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა HPV ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან. ეს ვაქცინები ეწინააღმდეგება საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე ვულვისა და ვაგინალური კიბოს განვითარებას.
საშვილოსნოს კიბო
საშვილოსნოს კიბო ძუძუს კიბოსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია ქალებში, როგორც თურქეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. იგი წარმოიქმნება საშვილოსნოში პათოლოგიური უჯრედების უკონტროლო გამრავლების გამო. კიბოს უჯრედები დროთა განმავლობაში საშვილოსნოდან გავრცელებას იწყებენ მიმდებარე ქსოვილებსა და ორგანოებში. თუმცა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკით მისი გავრცელების პრევენცია შესაძლებელია.
საშვილოსნოს კიბო ზოგადად უკავშირდება ესტროგენის მაღალ დონეს, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს 12წლამდე ადრეული მენსტრუაცია, არანამშობიარობა, დიაბეტი, სიმსუქნე და ხანდაზმული ასაკი. საშვილოსნოს კიბოს ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში არიან ასაკიანი ქალები პოსტმენოპაუზის პერიოდში.
საშვილოსნოს კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა. გარდა სისხლდენისა, შეიძლება გამოვლინდეს წარმონაქმნები გენიტალურ არეში, ტკივილი მენჯის ღრუში, მადის დაქვეითება, წონაში კლება და მუცლის შებებრილობა.
საშვილოსნოს კიბო, რომლის დიაგნოსტირება შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე, დიდწილად განკურნებადი დაავადებაა. გარდა ქირურგიული მეთოდებისა, დადებით შედეგებს იძლევა რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია.
ფალოპი მილის (Tuba Uterina) კიბო
ფალოპის მილის კიბო, რომლის სიმპტომები საკვერცხის კიბოს მსგავსია, ძალზე იშვიათია. საშვილოსნოს მილი მდებარეობს საშვილოსნოსა და საკვერცხეს შორის. მისი საშუალებით სპერმატოზოიდი საკვერცხისკენ გადაადგილდება. კიბოს უჯრედები შეიძლება წარმოიქმნას როგორც თავად მილში, ასევე შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე ქსოვილებიდან.
საკვერცხის კიბოს მსგავსად , გვიან დიაგნოზირებული ფალოპის მილის კიბო შეიძლება მომაკვდინებელი იყოს. დაავადების სწრაფი მიმდინარეობა ასევე იწვევს დიაგნოზის დაგვიანებას. ამიტომ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სიმპტომები. იგი ინდივიდუალურად ვლინდება ყველა ადამიანში, მაგრამ პაციენტები ამ სიმპტომებს ხშრად სხვა დაავადებებს უკავშირებენ. მუცლის შებერილობა და ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, საშარდე გზების პრობლემები და წელის ტკივილი ამ კიბოს სიმპტომებს შორისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია პათოლოგიური სისხლდენა და გამონადენი. ვინაიდან პაციენტების მხრიდან ხშირად ამ სიმპტომების უგულვებელყოფა ხდება, ფალოპის მილის კიბოს დიაგნოზის დადგენა უმეტესად ხდება შემთხვევით.
ვაგინალური კიბო
ვაგინალური კიბო შეიძლება წარმოიშვას როგორც უშუალოდ საშოში, ასევე შეიძლება გავრცელდეს მეტასტაზების სახით მიმდებარე ქსოვილებიდან. ვაგინალური კიბო, გინეკოლოგიური კიბოს ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა. ჩვეულებრივ გვხვდება საშოს შიდა ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, სავარაუდო მიზეზად მიჩნეულია მუცლადყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ჰორმონის ზემოქმედება. ასევე ცნობილია, რომ ვულვასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს მსგავსად ვაგინალური კიბოს განვითარებაშიც დიდ როლს თამაშობს HPV ვირუსი.
მსოფლიო სტატისტიკით პაციენტების უმრავლესობა არიან ქალები 45-დან 65 წლამდე. სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ ვაგინალური კიბოს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია.
რა არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები?
წარმატებული მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიური კიბოს ადრეულ დიაგნოზს.ზოგიერთი სახის კიბოს სიმპტომები ძალიან გვიან ჩნდება ან პაციენტები ამ სიმპტომებს უკავშირებენ სხვადასხვა დაავადებებს და უგულვებელყოფენ მათ, რაც აგვიანებს დიაგნოზის დასმას. ამ თვალსაზრისით, ქალებმა პერიოდულად უნდა გაიარონ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევები. დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის შედის კოლპოსკოპია, ნაცხის ტესტი და ბიოფსია.
მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ტიპს და დაავადების მიმდინარეობას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახის კიბოს დროს ტარდება მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, ზოგ შემთხვევაში კი ქირურგიულ მეთოდთან ერთად გამოიყენება ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და ჰორმონოთერაპია.
ხშირად დასმული შეკითხვები
- რა არის გინეკოლოგიური კიბოს პრევენციის გზები?
კიბოსგან თავის დაცვის რამდენიმე გზა არსებობს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია პერიოდული გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული დიაგნოსტიკისთვის განსაკუთრებით კიბოს იმ ტიპებში, რომლებიც დიაგნოზირდება გვიან. გარდა ამისა, HPV-ს სკრინინგი და ვაქცინაცია, მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და სიმპტომებზე ყურადღების მიქცევა ასევე პრევენციულ ზომებს წარმოადგენს.
- შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს HPV ვაქცინაცია?
სპეციალისტები არ უწევენ რეკომენდაციას ორსულობის დროს HPV ვაქცინაციას. იგი ჩვეულებრივ ტარდება ორსულობის დასრულების შემდეგ.
- რა არის კოლპოსკოპია?
კოლპოსკოპი არის მოწყობილება რომელიც სპეციალური განათების პირობებში იძლევა საშვილოსნოს ყელის გადიდებულ გამოსახულებას. კოლპოსკოპია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ დიაგნოზს. ამ აპარატის წყალობით გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს ბევრად უფრო ადვილად ხდება პათოლოგიური უჯრედების და ქსოვილების აღმოჩენა.
- იცავს თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გინეკოლოგიური კიბოსგან?
კვლევები აჩვენებს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება ამცირებს საკვერცხის და საშვილოსნოს კიბოს რისკს.

