რა არის ენდოკრინოლოგია და მეტაბოლური დაავადებები?

სისტემას, რომელშიც მდებარეობს ენდოკრინული ჯირკვლები, ეწოდება ენდოკრინული, ხოლო მეცნიერების დარგს, რომელიც სწავლობს ამ ჯირკვლებში არსებულ დარღვევებს, ეწოდება ენდოკრინოლოგია. ენდოკრინული ჯირკვლები, რომლებიც განლაგებულია ენდოკრინულ სისტემაში, არის ორგანოები, რომლებიც სინთეზირებენ და გამოყოფენ ჰორმონებს. ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონები ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. გარდა მათი წვლილისა რეპროდუქციაში, ზრდა-განვითარებასა და მეტაბოლიზმში, ჰორმონები ასევე აკონტროლებენ ჩვენს რეაქციებს.

ენდოკრინული ჯირკვლებია: ფარისებრი ჯირკვალი, პანკრეასი, საკვერცხეები ქალებში, სათესლე ჯირკვლები მამაკაცებში, თირკმელზედა ჯირკვალი, პარათირეოიდული ჯირკვალი, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი. ამ ჯირკვლებში წარმოქმნილმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სხვადასხვა დაავადება. ენდოკრინოლოგები ახდენენ ამ დავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

რა დაავადებებს მკურნალობს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური დაავადებების განყოფილება?

ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური დაავადებების განყოფილება ეხება ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევების მკურნალობას. ამ განყოფილებაში შემავალი დაავადებები შემდეგია:

შაქრიანი დიაბეტი

ენდოკრინულ და მეტაბოლურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც პანკრეასი ვერ აწარმოებს საკმარის ინსულინს ან წარმოებულ ინსულინს ორგანიზმი ვერ გამოიყენებს ეფექტურად. ეს დაავადება მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიცხვს, რომლებიც საბოლოოდ არ იკურნება.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს სისხლში შაქრის დონე მომატებული აქვთ. პაციენტები, რომლებსაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს უზმოზე და კვების შემდეგ სისხლში შაქრის დონის რეგულარული განსაზღვრის შემდეგ, იყოფა ორად, როგორც "ტიპი 1" და "ტიპი 2". დაავადების ტიპის დადგენის შემდეგ ექიმის მეთვალყურეობით იწყება მედიკამენტებით ან ინსულინით მკურნალობა, უფრო სერიოზული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

სიმსუქნე

სიმსუქნე, ანუ ჭარბი წონა, მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ნიშნავს სხეულის მასის ინდექსის მიხედვით ჭარბი ცხიმის არსებობას. გამომწვევ ფაქტორებს შორისაა: არარეგულარული და არაჯანსაღი კვება, გენეტიკური დარღვევები, ინსულინრეზისტენტობა, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, საკვერცხეების ან ჰიპოფიზის დარღვევები. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული სიმსუქნის შემთხვევაში ექიმი დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იწყება პაციენტის მკურნალობის პროცესი.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალში, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზმის მაჩვენებლის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს, ჰორმონების წარმოების დარღვევა გავლენას ახდენს ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გადაჭარბებული სეკრეციისას სიმპტომები მოიცავს ქოშინს, გაღიზიანებადობას, წონის კლებას, მომატებულ ოფლიანობას, ხელების კანკალს, თმის ცვენას და თხელ და სველ კანს. ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციონირებისას აღინიშნება დაღლილობა, ძილიანობა, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, კანის სიმშრალე, დაბალი ლიბიდო და მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ჰიპერტენზია

ჰიპერტენზია-მაღალი წნევა დაავადებაა, რომელიც მუდმივი კონტროლის გარეშე იწვევს მრავალ სხვა სერიოზულ პრობლემას. ჰიპერტენზია აზიანებს გულის, ტვინისა და თირკმელებისკენ მიმავალ სისხლძარღვებს, ის შეიძლება გახდეს გულის შეტევის, თირკმლის უკმარისობის და ინსულტის მიზეზი.

უნაყოფობა

მსოფლიოში მილიონობით წყვილია, რომლებსაც უშვილობის პრობლემა აწუხებთ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მეთოდი.ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეულ პრობლემის დროს მკურნალობის სწორი მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია მისი მოგვარება. ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების განყოფილება წყვეტს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მენოპაუზა, სექსუალური სისუსტე და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.

ზრდა

ორგანიზმში წარმოებული ერთ-ერთი ჰორმონი არის ზრდის ჰორმონი. დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონზე, ექვემდებარება მკურნალობას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ნორმალურ ზრდას და გამორიცხავს თანატოლებთან შედარებით ზრდაში ჩამორჩენას. მოზარდებსა და მოზრდილებში განვითარებულმა ამ დაავადებამ, მომავალში შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები.

ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა, რომელსაც ასევე უწოდებენ ჰირსუტიზმს, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი მათგანია ქალებში მამრობითი სქესის ჰორმონების მატება. ეს ჰორმონალური დარღვევა, რომელიც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ხმის დაბოხება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მამაკაცური ტიპის თმის ცვენა, ადამის ვაშლის გადიდება და მკერდის დაპატარავება, ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. ჭარბთიანობა ასევე შეინიშნება ქალებში, რომლებიც მენოპაუზის ან მშობიარობის შემდეგ სწაფად იმატებენ წონაში. ეს დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ან საკვერცხის სიმსივნის გამო, ასევე შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით ეფექტად.

ოსტეომალაცია და რაქიტი

ოსტეომალაცია მოზრდილებში, ხოლო რაქიტი ბავშვებში განვითარებული ძვლის დარბილებით მიმდინარე დაავადებაა. გარდა ჰორმონალური დარღვევებისა, იგი შეიძლება D ვიტამინის დეფიციტმაც გამოიწვიოს. დაავადების გამოწვევ სხვა ფაქტორებს შორისაა ხანდაზმულობა და მენოპაუზის პერიოდი. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც მზის სხივებისგან დღის გარკვეულ მონაკვეთში, ასევე დამატებითი მედიკამენტების სახით. თუმცა ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი. კორტიზოლის გადაჭარბებული სეკრეციით ან გარეგანი მიღებით გამოწვეულ დაავადებას „კუშინგის სინდრომი“ ეწოდება. ეს დაავადება უფრო ხშირია ქალებში,თუმცა ის იშვიათი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. წონის მატება, კანზე ნახეთქები, თირკმელებში ქვები, ცხიმის დაგროვება კისრის არეში, ჭარბთმიანობა ქალებში და სისხლში შაქრის მაღალი დონე ამ დაავადების სიმპტომებს შორისაა. გარდა იმ დაავადებისა, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია მედიკამენტებით ან ქირურგიული ჩარევით, არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის სხვა დაავადებებიც. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) ასევე აყვანილ უნდა იყოს ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების განყოფილების დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით