ზოგადი მიმოხილვა

ფილტვები, გულმკერდის ღრუში მოთავსებული წყვილი ღრუბლისებრი ორგანოა.
ფილტვის კიბო წარმოიქმნება ფილტვის ქსოვილისგან. ფილტვის კიბოს სიხშირე ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოში და ის მეორე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. იგი ასევე არის კიბოთი გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

რისკ-ფაქტორები

მოწევა არის ფილტვის კიბოს გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და პასუხისმგებელია ფილტვის კიბოს შემთხვევების დიდ უმრავლესობაზე. აქტიური მოწევის გარდა, სიგარეტის კვამლის ზემოქმედება (პასიური მოწევა) ასევე ფილტვის კიბოს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. როგორც მასში შემავალი კანცეროგენული ნივთიერებებით და ქიმიკატებით, ასევე ბრონქისა და ალვეოლის კედლებზე მიყენებულ ზიანით, სიგარეტის კვამლი ააქტიურებს ფილტვის კიბოს გამომწვევ მექანიზმს. კიბოს გამოწვევის ალბათობა დაკავშირებულია როგორც მიღებული ნიკოტინის რაოდენობასთან, ასევე მოხმარების ხანგრძლივობასთან. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში კიბოს განვითარების ალბათობა მცირდება.

თუმცა, ფილტვის კიბო შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებშიც, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.
ფილტვის კიბოს ცნობილ რისკ-ფაქტორებს შორისაა აზბესტისა და კანცეროგენების ზემოქმედება და ოჯახში კიბოს ანამნეზი.
არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი ტიპი: წვრილუჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო. მეზოთელიომა და კარცინოიდული სიმსივნე კიბოს იშვიათი ფორმებია.

სიმპტომები

ადრეული სტადიის ფილტვის კიბო, როგორც წესი, არ იწვევს სიმპტომებს ან ვლინდება არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ხშირად გვხვდება სხვა დაავადებების დროს. ეს სიმპტომებია:

•     ქრონიკული ხველა
•     სისხლიანი ნახველი (ჰემოპტიზი)
•     ქოშინი
•     ხიხინი
•     ცვლილებები ხმაში ან ხმის ჩახლეჩა
•     წონაში არასასურველი კლება
•     ტკივილები ძვლებსა და სახსრებში
•     გულ-მკერდში სითხის დაგროვება

პრევენცია

•     *როგორც ყველა სიმსივნეების შემთხვევაში, ფილტვის კიბოს პრევენცია არის რისკების აღმოფხვრა ან მინიმუმამდე შემცირება.
•    *ნიკოტინზე თავის დანებება.
•    *მწეველთა გარემოში მოხვედრაზე თავის არიდება.
•     *ფილტვის კიბოს გამომწვევი ყველა ნივთიერების (რადიუმი, აზბესტი და ა.შ.) ზემოქმედების გამორიცხვა სახლიდან და სამუშაო ადგილიდან.
•     *ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ჯანსაღი კვების რაციონი.
•    *რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის პერიოდული კონტროლი.

დიაგნოსტიკა

კიბოზე ეჭვის შემთხვევაში გამოსახულებითი კვლევებით სიმსივნის აღმოჩენის დროს ხდება დროებითი დიაგნოზის დასმა. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბიოფსია. მასალის აღება ხდება ბრონქოსკოპით ან ოპერაციული გზით.

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი არის სტადიის განსაზღვრა. ექიმი განსაზღვრავს კიბოს სტადიას (I-IV) სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე. სიმსივნური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ფილტვებში ლოკალურად, შემოფარგლულად, ან გვიან სტადიაზე გავრცელდეს სხვა ორგანოებში მეტასტაზების სახით.

მკურნალობა

პაციენტისა და დაავადების შესახებ ყველა საჭირო მონაცემის შეგროვების შემდეგ ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩევა. ფილტვის კიბოს მკურნალობა დაკავშირებულია ძალიან რთულ ბრძოლასთან. მკურნალობის შესაძლო ვარიანტების განხილვისას, პოტენციური სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო გვერდითი ეფექტებისა და რისკების გათვალისწინებით.

პაციენტის სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია ლოკალური/შემოფარგლული სიმსივნეების დროს. მაგრამ მკურნალობის შედეგები და გამოჯანმრთელების შანსი შეიძლება არ იყოს იმედისმომცემი მეტასტაზირებული კიბოს შემთხვევაში. გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმსივნის განვითარების სტადია. სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს შემთხვევების უმეტესობის დიაგნოზირება ხდება გვიან სტადიაზე (III-V). აქედან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში ფილტვის კიბო არის კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ფილტვის კიბოს მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ქიმიოთერაპიას, მიზნობრივ თერაპიას, რადიოთერაპიას და ქირურგიას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას უშუალოდ სიმსივნის სამკურნალოდ, ან სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და სიმსივნის გვიანი სტადიის სიმპტომების შესამსუბუქებლად. მკურნალობის მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალ-ცალკე ან კომბინაციაში.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიული პრეპარატები. პრეპარატის აქტიური ინგრედიენტები ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ქიმიოთერაპიული საშუალებების შეყვანა ხდება ინტავენურად ან მიიღება პერორალურად. ინტრავენური მკურნალობის შემთხვევაში ქიმიოთერაპიული აგენტი ორგანიზმში შეჰყავთ მსხვილ ვენაში ჩადგმული კათეტერის საშუალებით.

კიბოს ტიპისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს ერთი ან მეტი ქიმიოთერაპიული პრეპარატი. მას მოჰყვება შესვენების პერიოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მკურნალობა კვლავ იწყება. ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე, ქიმიოთერაპიას მიმართავენ ოპერაციამდე ან მის შემდეგ, როგორც ქირურგიული შედეგების გასაუმჯობესებლად, ასევე გადარჩენის მაჩვენებლების გაზრდის მიზნით. ქიმიოთერაპიის მიზანი შორსწასული და წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს არის სიმპტომების შემსუბუქება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივება.

ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია ქიმიოთერაპიული აგენტის ტიპსა და დოზაზე. ქიმიოთერაპიული მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, თმის ცვენა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება. თუ გვერდითი მოვლენები იმდენად მძიმეა რომ საფრთხეს უქმნას პაციენტის ჯანმრთელობას, ექიმმა შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა ან შეცვალოს პრეპარატი.მიზნობრივი თერაპია არის უფრო ახალი მეთოდი ქიმიოთერაპიასთან შედარებით. პრეპარატები მიზანმიმართულად მოქმედებს კიბოს უჯრედებში ნაპოვნ სპეციფიკურ ანომალიებზე. მკურნალობის დაწყებამდე კიბოს უჯრედები შეისწავლება ლაბორატორიებში, რათა დადგინდეს მუტაციების არსებობა.

რადიოთერაპია

რადიაციული თერაპია მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების განადგურებას მაღალი სიმძლავრის სხივების გამოყენებით. თუ დასხივების წყარო სხეულის გარეთ მდებარეობს და სხივები კიბოსკენ არის მიმართული, ამ მკურნალობას გარე რადიოთერაპიას უწოდებენ. თუ რადიოაქტიური ნივთიერება ნემსის ან კათეტერის მეშვეობით შეყავთ კიბოს მდებარეობის ადგილას, ამ მეთოდს შიდა რადიოთერაპიას (ბრაქითერაპიას) უწოდებენ.

რადიოთერაპია ჩვეულებრივ გამოიყენება იმ უჯრედებზე ზემოქმედების მიზნით, რომელთა მოცილება შეუძლებელია ქირურგიული გზით. რადიოთერაპია ხშირად ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოიყენება და მას ქიმიორადიოთერაპია ეწოდება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოს შორსწასულ შემთხვევებში ტკივილის, ქოშინისა და ქრონიკული ხველის შემსუბუქებაში.

თუ ფილტვის სიმსივნე ძალიან მცირე ზომისაა, სტერეოტაქტიკური რადიოთერაპია (რადიოქირურგია) ეფექტურად ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს რადიაციული სხივების სიმსივნეზე ფოკუსირებით. ზოგიერთ შემთხვევაში, რადიოქირურგიამ შეიძლება ჩაანაცვლოს ტრადიციული ქირურგია, თუმცა, ამისათვის საჭიროა სწორად შეირჩეს პაციენტი.
რადიოთერაპია ხასიათდება გვერდითი მოვლენების მრავალფეროვნებით, რაც დამოკიდებულია სხეულის დასხივებულ უბანზე. ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, დაღლილობა და მადის დაკარგვა ყველაზე ხშირი სიმპტომებია.

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა არის მკურნალობის პირველი ნაბიჯი ადრეული სტადიის ან შემოფარგლული სიმსივნეების დროს.
ფილტვის რეზექციის დროს შეიძლება მოხდეს სეგმენტის, ერთი-ორი წილის ან მთელი ფილტვის რეზექცია. ზოგჯერ მიმართავენ ფილტვის სოლისებრ რეზექციას. რეზექციის ყველა სხვა დანარჩენ მეთოდს ანატომიურ რეზექციას უწოდებენ.

თორაკოტომია გულისხმობს გულ-მკერდის ოპერაციულ გახსნას. თუ ტექნიკური შესაძლებლობები ან დაავადების მდებარეობა და გავრცელება იძლევა საშუალებას, მინიმალური ინვაზიური ქირურგია, ვიდეოთორაკოსკოპიული ქირურგია და რობოტული ქირურგია უფრო სასურველი ვარიანტებია.

თორაკოტომიის დროს, გულმკერდის გახსნისთვის განაკვეთს აკეთებენ მეხუთე ნეკნის დონეზე.
მთლიანი ფილტვის რეზექცია არის რთული ოპერაცია. ამიტომ საჭიროა პაციენტის წინასწარ მომზადება. ჯანმრთელობის ისტორიის შესწავლის შემდეგ ტარდება კომპლექსური ფიზიკური გამოკვლევა, სისხლის ანალიზები და გამოსახულებითი კვლევები, როგორიცაა კტ, მრტ და პეტ/კტ, რათა დაადგინონ დაავადების სტადია და გავრცელება და დაგეგმონ ქირურგიული მკურნალობა.

გარდა ამისა, ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად პაციენტს აფასებს ანესთეზიოლოგი და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დამატებით გამოკვლევებს. ლობექტომიისთვის პაციენტი გადაჰყავთ საოპერაციო ოთახში და ვენაში უდგამენ ინტრავენურ კათეტერს, რომლის მეშვეობით შეყავთ სედატიური მედიკამენტები. ოპერაციის დროს პაციენტი გადაყავთ მართვით სუნთქვაზე.

თუ ტარდება მარჯვენა ფილტვის რეზექცია, პაციენტს ათავსებენ მარცხენა გვერდზე, ხოლო თუ პროცედურა ტარდება მარცხენა მხარეს, პაციენტი წევს მარჯვენა გვერდზე. თორაკოტომიის დროს კეთდება დაახლოებით 25 სმ სიგრძის განაკვეთი მე-5 ნეკნის დონეზე და იხსნება გულმკერდის ღრუ. ვიდეოთორაკოსკოპიული და რობოტული ოპერაციების დროს კეთდება მცირე განაკვეთები, საიდანაც გულმკერდის ღრუში ათავსებენ ვიდეოთვალს და ქირურგიულ ინსტრუმენტებს.

ლობექტომიის, ბილობექტომიის, პნევმონექტომიის (მარჯვენა ან მარცხენა ფილტვის სრული ამოკვეთა) ან სოლისებრი რეზექციის შემდეგ ჭრილობაში ხდება ორი დრენაჟის ჩადგმა, ოპერაციის შემდეგ ჭრილობის მიდამოში სისხლის და ლიმფის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით.
ბოლოს, ჭრილობები იკერება და იფარება სტერილური სახვევით.

ლობექტომია - ბილობექტომია:

ლობექტომია გულისხმობს ფილტვის მთლიანი წილის მოცილებას ფილტვის პირველადი ან მეტასტაზური კიბოს გამო. ბილობექტომია გულისხმობს ფილტვის ორი წილის ერთდროულად ამოღებას. თორაკოტომია ღია ქირურგიული მეთოდია. თუმცა, თუ ტექნიკური შესაძლებლობები ან დაავადების მდებარეობა და გავრცელება იძლევა საშუალებას, უპირატესობა ენიჭება მინიმალურ ინვაზიურ ქირურგიას, ვიდეოთორაკოსკოპიულ ქირურგიასა და რობოტულ ქირურგიას.

გულმკერდის ქირურგი განიხილავს მდგომარეობას და არჩევს მკურნალობის ყველაზე შესაფერის მეთოდს. ლობექტომია რთული ოპერაციაა, რომლის დროსაც არტერიის, რომელიც კვებავს ფილტვის წილს და ვენის, რომელსაც გამოაქვს სისხლი ფილტვებისგან, გადაკვანძვა და გადაჭრა ხდება. ანალოგიურად ჭრიან წილის ბრონქებს და კეტავენ მათ ბოლოებს. ხდება წილის გამოყოფა მიმდებარე ქსოვილებისა და მეზობელი წილებისგან.

ლობექტომიის შემდეგ, გულმკერდის ღრუში იქმნება სიცარიელე, მაგრამ დარჩენილი წილების გაფართოების შედეგად ეს სიცარიელე ივსება. სეგმენტექტომია: ფილტვის წილები იყოფა ერთეულებად, რომლებსაც სეგმენტები ეწოდება. ფილტვის სეგმენტი არის ფილტვის ერთეული, რომელსაც გააჩნია საკუთარი არტერიები, ვენები და ბრონქები. მარჯვენა ფილტვში 10 სეგმენტია, მარცხენა ფილტვში კი-8. სეგმენტექტომია არის ყველაზე მცირე ანატომიური ნაწილის რეზექცია. ძირითადი პრინციპია სეგმენტის არტერიის, ვენის და ბრონქის გადაკვეთა, ბოლოების დახურვა და სეგმენტის სრული ამოკვეთა.

პნევმონექტომია:

პნევმონექტომია ნიშნავს მარჯვენა ან მარცხენა ფილტვის სრულ ამოღებას. პნევმონექტომიის შემთხვევაში, პაციენტებზე მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება, ხოლო სითხისა და ელექტროლიტების მიღება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, მეთვალყურეობის ქვეშ.

სოლისებრი რეზექცია: ნიშნავს ფილტვების ანატომიურ რეზექციას. ეს მეთოდი სასურველია ფილტვის ბიოფსიისთვის ან ფილტვების პერიფერიაზე მდებარე დაზიანებების მოსაშორებლად. ფილტვის ნაწილის ამოკვეთა ხდება სოლისებრი ან "V" ფორმით. კითხეთ თქვენს ექიმს ყველაფერი, რაც გაინტერესებთ ფილტვის კიბოს, მისი მკურნალობის, მკურნალობის შემდგომი ცხოვრების, რეაბილიტაციის, ტკივილის მართვის და კლინიკურ კვლევების შესახებ, რაც დაგეხმარებათ ჩაერთოთ მკურნალობის პროცესში და გათავისუფლდეთ სტრესისგან.

დასვით შეკითხვა

✓ Valid

შექმნის თარიღი

14.07.2024 11:36

განახლების თარიღი

14.07.2024 11:36

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო