ზოგადი მიმოხილვა

ძუძუ არის ორგანო, რომელიც შედგება სამი სახის ქსოვილისგან: ცხიმოვანი ქსოვილი, შემაერთებელი ქსოვილი და ჯირკვლოვანი ქსოვილი; სარძევე ჯირკვლები გამოიმუშავებს რძეს და აძლევს ქალებს ჩვილის ძუძუთი კვების შესაძლებლობას. მამაკაცებში ძუძუ რუდიმენტული ორგანოა. სარძევე ჯირკვლების მცირე სადინარები უერთდება დიდ სადინარს, რომელიც იხსნება ძუძუს თავში. სარძევე ჯირკვალი შედგება წილებისგან, რომლებიც შეიცავს რძის წარმომქმნელ ჯირკვლებს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქსოვილებისა, სარძევე ჯირკვლები ასევე შეიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იღლიის ლიმფურ კვანძებთან.
ძუძუს კიბო ვითარდება სარძევე ჯირკვლის უჯრედების უკონტროლო გამრავლების შედეგად. იგი იშვიათ შემთვევებში მამაკაცებშიც გვხვდება, თუმცა ქალებში მისი სიხშირე გაცილებით მაღალია.
ბოლო დროს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებამ, სკრინინგის პროგრამებმა, რომლებიც იძლევა ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას და მკურნალობის მეთოდებში მიღწეულმა წარმატებებმა, გაზარდა კიბოსგან განკურნების შანსი და შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

რისკ-ფაქტორები

ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი დაზუსტებული არ არის. ძირითადი მექანიზმია ჯანმრთელი უჯრედების სიკვდილი და პათოლოგიური უჯრედების გამრავლება. სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის შედეგად, პათოლოგიური უჯრედები შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში.

დადგენილია, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორებით გამოწვეული ძუძუს კიბო შეადგენს შემთხვევების დაახლოებით 10%-ს. ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.
სარძევე ჯირკვლის კიბო დასაწყისში ვითარდება სარძევე სადინარებში. კვლევები აჩვენებს, რომ რიგი ფაქტორები, როგორიცაა ჰორმონები, გარემო პირობები და ცხოვრების წესი, ზრდის ძუძუს კიბოს სიხშირეს.
ძუძუს კიბოს შესაძლო რისკ-ფაქტორები;

•    მდედრობითი სქესი
•     ასაკი
•     რადიაციული ზემოქმედება
•     ანამნეზი (ერთ-ერთი ძუძუს კიბოს არსებობის შემთხვევაში მაღალია მეორე ძუძუში განვითარების რისკი)
•     ოჯახური ანამნეზი
•     გენეტიკური მიდრეკილება
•     მაღალი დოზით რადიაციის ზემოქმედება
•     ადრეული ციკლი
•     დაგვიანებული მენოპაუზა
•     ხანდაზმული მშობიარობა
•     სიმსუქნე და ალკოჰოლი
•     ანამნეზში მშობიარობის არარსებობა

კიბოს ტიპები

არსებობს ძუძუს კიბოს ორი საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციის ტიპი: ინვაზიური ან გავრცელებული და არაინვაზიური ან არაგავრცელებული(in situ)კიბო.

ინვაზიური ფორმა

•     სადინრის ინვაზიური კარცინომა
•     პეჯეტის დაავადება
•     მკერდის ანთებითი კიბო
•     ინვაზიური წილოვანი კარცინომა
•     სხვა (იშვიათი ტიპები)

არაინვაზიური ფორმა

•   წილოვანი კარცინომა İn-Situ
•   სადინრის კარცინომა İn-Situ
*ინვაზიური სადინრის კარცინომა შეადგენს ძუძუს კიბოს შემთხვევების დაახლოებით 90%-ს.

სიმპტომები

ძუძუს კიბო ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომებით. უსიმპტომო შემთხვევებში დაავადების აღმოჩენა ხდება გეგმიური მამოგრაფიის ან რეგულარული სკრინიგ-პროგრამების დროს.
ძუძუს კიბოს გავრცელებული სიმპტომები:

•     ძუძუს ან იღლიის არეში ხელით გასინჯვის დროს პალპაციური წარმონაქმნი
•     გამონადენი
•    ძუძუს თავის ზომის, ფორმის ან ფერის ცვლილება
•    ძუძუს თავის სტრუქტურის ცვლილება
•     ძუძუს თავისა და არეოლას კანის აქერცვლა
•     შეშუპება და ჩაღრმავებები კანზე
•     ფორთოხლის კანისებრი ზედაპირი, კანის სიწითლე და სტრუქტურული ცვლილება.

პრევენცია

ძუძუს კიბოს პრევენცია მიმართულია რისკების მინიმუმამდე შემცირებისაკენ. მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის რისკ-ფაქტორების შემსუბუქება, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების განვითრებას. წონის კონტროლი, ჯანსაღი კვების ჩვევები და რეგულარული ვარჯიში არის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისთვის.

მკერდის ქსოვილის სტრუქტურა და სიმკვრივე განსხვავებულია ყველა ადამიანში. თუმცა დაბერება, ორსულობა და ძუძუთი კვება ყველა მათგანში იწვევს გარკვეულ ცვლილებებს. ამიტომ მკერდის თვითგასინჯვის რეგულარული ინტერვალით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგის მეთოდია.

დიაგნოზი

ისევე, როგორც სხვა სახის კიბოს შემთხვევაში, ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ზრდის როგორც განკურნების შანსს, ასევე მკურნალობის ვარიანტებს.

•     კლინიკური გამოკვლევა: ექიმი სინჯავს ორივე სარძევე ჯირკვალს და იღლიის არეს, რათა შეამოწმოს წარმონაქმნის არსებობა.
•     მამოგრაფია: ხშირად გამოიყენება ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისთვის.
•     სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია.
•     გამოსახულების თანხლებით ბიოფსია: ულტრაბგერითი ხელმძღვანელობით აღებული ბიოფსიის ნიმუში არის სარძევე ჯირკვლის კიბოს საბოლოო დიაგნოზის დასმის ძირითადი მეთოდი.
•     მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა

Tმკურნალობა

ძუძუს კიბოს მკურნალობა განისაზღვრება დაავადების სტადიისა და პაციენტის ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. იგი მოიცავს ჰორმონოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, რადიოთერაპიასა და ქირურგიულ მკურნალობას. გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით ექიმი ადგენს პაციენტისთვის ყველაზე შესაფერის ვარიანტს.

როგორც ზემოთ აღინიშნა,ძუძუს კიბოს მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიას, მიზნობრივ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, რადიოთერაპიასა და ქირურგიას. მათ მიმართავენ უშუალოდ კიბოს სამკურნალოდ, ან შორსწასულ შემთხვევებში პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდუალურად ან ერთმანეთთან კომბინაციაში.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიის დროს კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიული პრეპარატები. პრეპარატის აქტიური ინგრედიენტები ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ქიმიოთერაპიული საშუალებების შეყვანა ხდება ინტავენურად ან მიიღება პერორალურად. ინტრავენური მკურნალობის შემთხვევაში ქიმიოთერაპიული აგენტი ორგანიზმში შეჰყავთ მსხვილ ვენაში ჩადგმული კათეტერის საშუალებით.

კიბოს ტიპისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს ერთი ან მეტი ქიმიოთერაპიული პრეპარატი. მას მოჰყვება შესვენების პერიოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მკურნალობა კვლავ იწყება. თითოეულ ამ თანმიმდევრულ პერიოდს ციკლი ეწოდება.

სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეულ ეტაპზე, ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციამდე ან მის შემდეგ. ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია ქიმიოთერაპიული აგენტის ტიპსა და დოზაზე. ქიმიოთერაპიული მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, თმის ცვენა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება. თუ გვერდითი მოვლენები იმდენად მძიმეა რომ საფრთხეს უქმნას პაციენტის ჯანმრთელობას, ექიმმა შეიძლება შეაჩეროს მკურნალობა ან შეცვალოს პრეპარატი.

მიზნობრივი თერაპია

მიზნობრივი თერაპია არის უფრო ახალი მეთოდი ქიმიოთერაპიასთან შედარებით. პრეპარატები მიზანმიმართულად მოქმედებს კიბოს უჯრედებში ნაპოვნ სპეციფიკურ ანომალიებზე. მკურნალობის დაწყებამდე კიბოს უჯრედები შეისწავლება ლაბორატორიებში, რათა დადგინდეს მუტაციების არსებობა. ზოგიერთი კიბოს უჯრედი გაძლიერებულად აწარმოებს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი 2 (HER2). ამ უჯრედებზე ორიენტირებული მედიკამენტები არ ზემოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე.

რადიოთერაპია

თუ დასხივების წყარო სხეულის გარეთ მდებარეობს და სხივები კიბოსკენ არის მიმართული, ამ მკურნალობას გარე რადიოთერაპიას უწოდებენ. თუ რადიოაქტიური ნივთიერება ნემსის ან კათეტერის მეშვეობით შეყავთ კიბოს მდებარეობის ადგილას, ამ მეთოდს შიდა რადიოთერაპიას (ბრაქითერაპიას) უწოდებენ.
თუ დასხივების წყარო სხეულის გარეთ მდებარეობს და სხივები კიბოსკენ არის მიმართული, ამ მკურნალობას გარე რადიოთერაპიას უწოდებენ. თუ რადიოაქტიური ნივთიერება ნემსის ან კათეტერის მეშვეობით შეყავთ კიბოს მდებარეობის ადგილას, ამ მეთოდს შიდა რადიოთერაპიას (ბრაქითერაპიას) უწოდებენ.

რადიოთერაპია ძირითადად ქიმიოთერაპიასთან ერთად გამოიყენება და მას ქიმიორადიოთერაპია ეწოდება. რადიოთერაპიის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს დაღლილობა, გამონაყარი კანზე და შეშუპება.

ჰორმონული თერაპია

ჰორმონოთერაპია ხშირად გამოიყენება ჰორმონებისადმი მგრძნობიარე კიბოს სამკურნალოდ. მას მიმართავენ ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ, რათა შეამციროს სიმსივნური წარმონაქმნის ზომა და თავიდან იქნას აცილებული რეციდივი.

ჰორმონოთერაპიის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს წამოხურების შეგრძნებას, ღამით ოფლიანობას, საშოს სიმშრალეს და სისხლის შედედების ფაქტორის მომატებას. მაგრამ ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ექიმი მართავს გვერდითი ეფექტების გამოვლინებას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ოპერაციული მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობა ძუძუს კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ ოპერაციის წარმატების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე კიბოს სხვა სახეობების დროს.

მოდიფიცირებული რადიკალური მასტექტომია ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ტექნიკაა. ოპერაცია ჩვეულებრივ ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ხდება სარძევე ჯირკვლის ამოღება იღლიაში მდებარე ლიმფურ კვანძებთან ერთად. ეს ზრდის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელს, თუმცა ესთეტიკური შედეგები არც ისე სასიამოვნოა. ამიტომ, თუ მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, ტარდება დამზოგავი მასტექტომია, რომლის დროსაც ძუძუსა და ძუძუს თავის კანი ხელუხლებელი რჩება.

თუ სიმსივნე კეთილთვისებიანია, ქირურგმა შეიძლება ამოკვეთოს მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნი (ლუმპექტომია).
ლიმფური კვანძის ბიოფსია: სარძევე ჯირკვალთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძების ამოღების შემდეგ, კიბოს გავრცელების ხარისხის დასადგენად ტარდება მათი ბიოფსია. თუ დადგინდა, რომ კიბო გავრცელებულია ახლომდებარე ქსოვილებში, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ყველა მიმდებარე ლიმფური კვანძის ამოღების შესახებ (ლიმფური კვანძების ღერძული დისექცია).

ძუძუს კიბოს ოპერაციული მკურნალობის შემდგომი გართულებები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს, სისხლდენას, ინფექციის განვითარებას და მკლავის ძლიერ შეშუპებას (ლიმფედემა). სარძევე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ აუცილებელია დაიცვათ ნაოპერაციევი არე გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან და იმოქმედოთ ექიმის მიერ დადგენილი პროგრამის შესაბამისად.
მკურნალობის მეთოდების ცოდნა, შესაძლო შედეგების და რეაბილიტაციის პროცესის გაცნობიერება პაციენტს აძლევს ძალას, ეხმარება მას ჩაერთოს მკურნალობის პროცესში, რაც ხელს უწყობს ექიმებს მკურნალობის პროცესის სწორად და სწრაფად წარმართვაში.

დასვით შეკითხვა

✓ Valid

შექმნის თარიღი

14.07.2024 11:36

განახლების თარიღი

14.07.2024 11:36

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო