რა არის ნეფროლოგია?

ნეფროლოგია (ბერძ: nephros - თირკმელი; ology- სწავლა) არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის თირკმლის დაავადებებს.

ნეფროლოგი არის ექიმი, რომელიც შინაგანი დაავადებების შემდეგ სპეციალიზირებულია მისი ერთ-ერთი შტოს - ნეფროლოგიის დარგში.

რა დაავადებებს მკურნალობს ნეფროლოგიის განყოფილება?

ნეფროლოგის მუშაობის ძირითადი სფეროა თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის დარეგულირება, წყლისა და ელექტროლიტების (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის) ბალანსის აღდგენა, საშარდე სისტემის პრობლემების,შარდში ცილის, სისხლის ან სხვა პათოლოგიური მაჩვენებლების მიზეზების გამოკვლევა; თირკმლებზე დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, გულის უკმარისობის, რევმატოლოგიური დაავადებების და მათი სამკურნალო პრეპარატების გავლენის შეფასება, თირკმლის შორსწასული უკმარისობის მქონე პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციისა და დიალიზის დაგეგმვა და პაციენტების მეთვალყურეობა. ის ასევე ახორციელებს თირკმელების მრავალი სხვა დაავადების დიაგნოზსა და მკურნალობას, მათ შორის საშარდე გზების ინფექციებს, თირკმლის კენჭოვან დაავადებას და თირკმელების კისტებს.

გავეცნოთ თირკმლის დაავადებებს!

თირკმელის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის მავნე ნარჩენებისგან გათავისუფლება, ორგანიზმში წყლის, ელექტროლიტებისა და მჟავების ბალანსის შენარჩუნება, არტერიული წნევის რეგულირება, სისხლწარმომქმნელი ჰორმონების და D ვიტამინის სინთეზის უზრუნველყოფა. ჯანმრთელი თირკმელი ასუფთავებს სისხლს მავნე ნარჩენებისგან (შარდოვანა, კრეატინინი) რის შემდეგაც აგრძელებს ცირკულაციას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. თუ თირკმელების ეს ძირითადი ფუნქცია რაიმე მიზეზით ირღვევა, ვითარდება თირკმლის უკმარისობა.

თირკმლის მწვავე უკმარისობა: ეს არის თირკმლის ფუნქციის სწრაფად განვითარებული მოშლა. დეჰიდრატაციამ, სისხლში მიკრობების შეღწევამ, გამოყენებულმა მედიკამენტებმა, თირკმლის სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებამ ან თირკმლის კენჭოვანმა დაავადებამ, რომლებიც გავლენას ახდენენ შარდის გამოყოფაზე, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ამ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს თირკმლის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, დაიწყოს დამხმარე თერაპია და თუ თირკმლის ფუნქცია მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, დიალიზის კურსის ჩატარებით მოხდეს პაციენტის მეტაბოლური განტვირთვა.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობა: თუ თირკმლის დაზიანების ნიშნები და თირკმელების ფუნქციის მოშლა გრძელდება 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს მიუთითებს თირკმელების ქრონიკულ უკმარისობაზე. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია დიაბეტი, ჰიპერტენზია, თირკმლის სისხლძარღვთა დაავადებები, ნეფრიტი, თირკმლის მემკვიდრეობითი ან თანდაყოლილი დაავადებები, როგორიცაა პოლიკისტოზური თირკმელები, ნალის ფორმის თირკმელები და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას პრიორიტეტი გამომწვევი დაავადების მკურნალობაა. დამატებით ტარდება დამხმარე თერაპია მეტაბოლური დარღვევების გამოსასწორებლად. მკურნალობის მიზანია თირკმელების ფუნქციის აღდგენა. არტერიული წნევის და შაქრიანი დიაბეტის კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმლის უკმარისობის მკურნალობაში.

თირკმელების ფუნქციის მძიმე მოშლისას ვლინდება ურემიული სიმპტომები, სითხის, ელექტროლიტური და მჟავების დისბალანსი, ვითარდება ანემია. ამ შემთხვევაში მკურნალობის ვარიანტად უნდა განიხილოს დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია.

თირკმლის ტრანსპლანტაცია არის პრიორიტეტული და რეკომენდებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ჯანსაღ ცხოვრებას.

ნეფრიტი

ნეფრიტის სახელით ცნობილი გლომერულონეფრიტი, რომელიც გავლენას ახდენს თირკმლის ფილტრაციის ფუნქციაზე და ხასიათდება ანთებითი უჯრედების მიგრაციით თირკმლის ქსოვილში, მოიცავს მრავალ ქვედაავადებას. მისი სიმპტომები გავს ბევრი სხვა დაავადების სიმპტომებს. შარდში ცილის ან სისხლის ელემენტების არსებობა და თირკმლის ფუნქციის მოშლა ყველაზე გავრცელებული ლაბორატორიული დასკვნებია. ამიტომ საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება თირკმლის ბიოფსიით.

თირკმლის კენჭები

თირკმელკენჭოვანი დაავადება ყოველი 11 ადამიანიდან ერთ ადამიანს აწუხებს და აღინიშნება 70 წლამდე მამაკაცების 19%-ს, ხოლო ქალების 9%-ს. ქვის წარმოქმნას გენეტიკური ფაქტორები, მეტაბოლური დაავადებები და ცხოვრების წესი განსაზღვრავს. ზოგჯერ თირკმელკენჭოვანი დაავადება ძლიერი ტკივილით ვლინდება, მაგრამ არის მრავალი შემთხვევა, როდესაც ის სრულიად უსიმპტომოდ ვითარდება და მისი აღმოჩენა შემთხვევით ხდება. არანამკურნალევმა კენჭოვანმა დაავადებამ შეიძლება თირკმელების შეჭმუხვნა და თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს.

საშარდე გზების ინფექცია

საშარდე გზების ინფექციები ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ქალების დაახლოებით 10-35%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უვითარდება საშარდე გზების ინფექცია, ხოლო მათ დაახლოებით 50%-ს, აღენიშნება განმეორებითი ინფექცია. ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწვავე ცისტიტის სახელით ცნობილი შარდის ბუშტის ინფექცია.

საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, წვის შეგრძნება შარდვის დროს, ხშირი შარდვა და გულისრევის შეგრძნება. ბავშვებში და ხანდაზმულებში სიმპტომების სიმწირის გამო დაავადების აღმოჩენა გვიან ხდება.დიაგნოზისა და მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და განვითარდეს თირკმლის უკმარისობა.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:57

განახლების თარიღი

12.07.2024 06:57

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით