რა არის პირის ღრუსა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობა
პირის ღრუს, კბილების, ღრძილების და ყბის მიდამოებთან დაკავშირებულ დაავადებების მიმართულებებით სამედიცინო ჩარევის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის განყოფილებები. ამ განყოფილებაში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები არიან: მთავარი ექიმი, სტომატოლოგი, კბილის ტექნიკოსი, კბილის პროთეზის ტექნიკოსი, რენტგენის ტექნიკოსი, მედდა და სტერილიზაციის მედდა.
პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს მრავალგვარი და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა გენეტიკური განწყობა, ასაკი, პირადი მოვლისა და ჰიგიენის წესების დაცვა/არდაცვა, კვება და ა.შ. პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის დეპარტამენტის განყოფილებებია: ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, პედოდონტია, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია, ენდოდონტია და ესთეტიკური სტომატოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს განყოფილება ეხება ცალკეულ დაავადებას, ზოგჯერ რთულ სიტუაციებში შეიძლება კომპლექსური მიდგომა და განყოფილებებს შორის თანამშრომლობა გახდეს საჭირო.
პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის განყოფილებაში პაციენტის ჩივილებს დეტალურად ისმენს ექიმი, პაციენტს უტარდება საჭირო გამოკვლევები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ექიმმა შეისწავლოს პაციენტის ჯანმრთელობის ისტორია. დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით. მკურნალობის მეთოდები განსხვავდება პირის ღრუს და სტომატოლოგიური გადატანილი პრობლემების შესაბამისად.
რა დაავადებებს მკურნალობს პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის განყოფილება?
პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს განსხვავებული. შესაბამისად, თითოეულ დაავადებას მკურნალობს შესაბამისი ქვეგანყოფილება. ქვემოთ კლასიფიცირებულია ის დაავადებები, რომლებსაც მკურნალობს პირის ღრუს და სტომატოლოგიური ჯანმრთელობის განყოფილება.
პროფილაქტიკური სტომატოლოგია:
სტომატოლოგიური და პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბავშვების ასაკში. ადამიანი რეგულარულად უნდა გადიოდეს შემოწმებას და ყურადღებას აქცევდეს პირადი ჰიგიენის წესებს. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში საპროფილაქტიკოდ გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიცაა ნაპრალის დაფარვა, ფტორის გამოყენება და ა.შ.
ორთოდონტია:
დახრილი კბილები, არასწორი თანკბილვა და პირის დახურვის დროს გამოხატული დარღვევები ორთოდონტიის განყოფილების კომპეტენციაში შედის. ამ ტიპის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ესთეტიკური ხარვეზები, ასევე ღეჭვის პრობლემები. ორთოდონტიული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ცნობილია ბრეკეტების სახელით, გამოიყენება ამ და მსგავსი პირის ღრუს, ასევე სხვა სტომატოლოგიური დაავადებების დროს.
პაროდონტოლოგია:
პაროდონტოლოგიის განყოფილება ეხება ღრძილების დაავადებებს. ღრძილების დაავადებები, რომლებიც იწყება გინგივიტით, იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ქვების წარმოქმნა, ღრძილების რეცესია და პერიოდონტიტი (კბილების და ალვეოლარული ძვლის ქსოვილების დაზიანება). ღრძილების დაავადების ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხევაში ადამიანებმა უნდა მიმართონ პაროდონტოლოგიის განყოფილებას:
• ღრძილებიდან სისხლდენა,
• ღრძილების სიწითლე და შეშუპება,
• კბილების რყევა და დაგრძელება,
• კბილსა და ღრძილს შორის არსებული ანთება;
• კბილების გადაადგილება,
• ღრძილების რეცესია და შედეგად გაშიშვლებული კბილის ფესვის მომატებული მგრძნობელობა,
• ცუდი სუნი და გემო პირში,
• კბილებს შორის ან ღრძილების კიდეებზე კბილის ქვების შედეგად წარმოქმნილი შავი უბნები.
პედოდონტია:
ბავშვების პირის ღრუს და კბილების პრობლემებს მკურნალობენ პედოდონტიის განყოფილებაში. ეს განყოფილება იღებს 0-15 წლამდე პაციენტებს. ამ ასაკობრივ ჯგუფში, უკბილობის პერიოდში, სარძევე კბილების ამოსვლის პერიოდში, შერეული თანკბილვის პერიოდში (პერიოდი, როდესაც ერთდროულად არსებობს როგორც სარძევე, ასევე მუდმივი კბილები) და მუდმივი კბილების სრულად ამოსვლის შემდეგ პერიოდში წარმოქმნილი პირის ღრუს და კბილების პრობლემების შეფასება ხდება პედოდონტიის განყოფილებაში.
პედოდონტიის განყოფილებაში მკურნალობენ როგორც უკვე არსებულ პრობლემებს, როგორიცაა კარიესი, კბილების ადრეული დაკარგვა, ასევე მიმართავენ პრევენციულ და დამცავ ღონისძიებებს, როგორიცაა პროთეზი, კბილის დამჭერი, ნაპრალის ამოვსება, ფტორის შემცველი გელის და ლაქის გამოყენება.
პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია
პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა ყბა-სახის ძვლის კისტა და დაზიანებები, კბილების და ყბის ძვლის მოტეხილობები, იმპლანტაცია, ყბის ძვლის ქსოვილის განლევა და ა.შ. ამ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ძვლის ფხვნილის გამოყენება (greft), სინუსების ლიფტინგი (სინუსების ამაღლება) და აპიკალური რეზექცია. ჩამოთვლილი პროცედურები ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
გარდა ამისა, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება ასევე ჩართულია პირის ღრუს რბილი და მყარი ქსოვილების (სასა, ენა, ლოყები, ტუჩები, კუნთები; ძვლები და კბილები) კისტების და სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობაში.
ენდოდონტია:
ენდოდონტიის განყოფილება მკურნალობს კბილში ნერვისა და სისხლძარღვების გამავალი რბილი ქსოვილის, პულპას დაზიანების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა კბილის ცხოველმყოფელობის დაკარგვა. თუ არ მოხდება სათანადო მკურნალობის ჩატარება, შესაძლოა წარმოიშვას ისეთი პრობლემები, როგორიცაა კბილის ფესვის დაზიანება ან კბილის დაკარგვა.
ასევე ამ განყოფილებაში ტარდება ფესვის არხის და სხვადასხვა დენტალური ტრავმის მკურნალობა, ფესვის არხში მეტალის წკირის მოთავსება (გვირგვინის აღდგენისთვის) და მსგავსი ენდოდონტიური პროცედურები.
ესთეტიკური სტომატოლოგია:
ისეთ პრობლემებს, როგორიცაა არასწორი თანკბილვა, კბილის ზედაპირზე არსებული დეფექტები ან ფორმის პრობლემები, ღრძილებსა და კბილებს შორის არსებული ხარვეზები, კარიესი და ფერის შეცვლა, მკურნალობენ ესთეტიკურ სტომატოლოგიურ განყოფილებაში. მეტად ესთეტიკური ღიმილის მისაღებად, გამოიყენება ისეთი მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა კომპოზიციური ან ფაიფურის ვინირები, გათეთრება, ღრძილების კორექტირება დ ა ა.შ.

