ორგანიზმში ვირუსების, ბაქტერიების, პარაზიტების, სოკოების და მიკროორგანიზმების შეღწევითა და გამრავლებით გამოწვეულმა ინფექციურმა დაავადებებმა, შეიძლება დააზიანოს ბევრი ორგანო ან ქსოვილი. ამასთან, ზოგიერთი მიკროორგანიზმის მიერ ორგანიზმის გარეთ ან შიგნით გამოყოფილმა ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. ინფექცია მოქმედებს ორგანიზმის დამცავი მექანიზმის პირდაპირპროპორციულად. თუ თავდაცვითი მექანიზმი არ მუშაობს გამართულად, ორგანიზმში შემავალი მიკროორგანიზმები იწვევენ ინფექციურ დაავადებებს. ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმს: არასრულფასოვანი კვება, ცუდი ჰიგიენური პირობები, იმუნური სისტემის უკმარისობა, ქრონიკული დაავადებები, ჩვილობა ან ხანდაზმულობა, არასაკმარისი ვაქცინაცია, სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობა.

ინფექცია შეიძლება გადაეცეს როგორც ჰაერით, ასევე პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით. საკვები, წყალი, პლაზმა, სისხლი, შრატი და განავალი ასევე ინფექციის მატარებელი შუალედური წყაროებია. პარაზიტებს და მწერებს, როგორიცაა რწყილები, ტკიპები და კოღოები, განსაკუთრებით ტროპიკულ რეგიონებში, შეუძლიათ მიკროორგანიზმების გადატანა ადამიანის ორგანიზმში.

რომელ დაავადებებს მკურნალობს ინფექციური დაავადებების განყოფილება?

ინფექციური განყოფილება ბევრ დაავადებას მკურნალობს, გრიპიდან საშარდე გზების ინფექციამდე, შიდსიდან სიყვითლემდე, ტუბერკულოზიდან დიარეამდე. ზოგიერთი ინფექციური დაავადება არ ავლენს სიმპტომებს, ზოგი კი მრავალფეროვანი სიმპტომებით მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად ითვლება „ცხელება“. ცხელების დროს, რომელიც სხვადასხვა დაავადების პირველადი სიმპტომი შეიძლება იყოს, ექიმის მიერ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ შესაძლებელია ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ ეტაპზე ექიმები დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს იწყებენ ყველა ძირითადი ანალიზის (სისხლი, შარდი, რენტგენოგრაფია და ა.შ.) და პაციენტის ისტორიის შესწავლის საფუძველზე.

დაავადებათა გარდა, ინფექციური განყოფილება სამოგზაურო სამედიცინო მომსახურებასაც ახორციელებს. გამგზავრებამდე აუცილებელია ვაქცინაციისთვის მიმართოთ ინფექციურ განყოფილებას. ინფექციური დაავადებების განყოფილების კიდევ ერთი მოვალეობაა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი. ინფექციონისტები ატარებენ სხვადასხვა კვლევებს რეზისტენტულ მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ახდენენ სხვა ექიმებსა და პერსონალს გადამზადებას.

ინფექციური დაავადებების განყოფილებაში შემავალი ძირითადი დაავადებებია:

  • გრიპი: გრიპი საკმაოდ გავრცელებულია ინფექციურ დაავადებებს შორის. იგი გადამდებია და ჩვეულებრივ ხასიათდება სეზონურობით. გრიპის სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი და სურდო. მისგან თავის დასაცავად აუცილებელია ვაქცინაცია. სხვა პრევენციული ღონისძიებები მოიცავს ჰიგიენის დაცვას და გრიპის მქონე ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვას.
  • კორონავირუსი: Covid-19 (კორონავირუსი), რომელმაც 2020 წელს მთელი მსოფლიო მოიცვა, სერიოზული ინფექციური დაავადებაა. სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა, მშრალი ხველა და მადის დაკარგვა შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 14 დღემდე. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც. პაციენტმა ნებისმიერი სიმპტომის დროს რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
  • საშარდე გზების ინფექციები: გრიპის მსგავსად საშარდე გზების ინფექციებიც ძალიან გავრცელებულია. ამ დაავადების სიმპტომები, რომელიც უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, მოიცავს გახშირებულ შარდვას, შარდვის გაძნელებას და წვას შარდვის დროს. სიმპტომებს შორის ზოგჯერ ტკივილიც აღინიშნება. საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკა ხდება ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, მკურნალობა კი ჩვეულებრივ მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ანტიბიოტიკებით.
  • დიარეა: დიარეა არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც ისეთივე ხშირია, როგორც გრიპი და საშარდე გზების ინფექციები და გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.დიარეა ნაწლავური ინფექციაა. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი. ხანგრძლივმა ფაღარათმა შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული პერიოდის შემდეგ დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. წყლით და საკვებით მიღებული მიკროორგანიზმებით გამოწვეული დიარეის შემდგომ ეტაპებზე, გაუწყლოების გამო შესაძლებელია გამოვლინდეს უსიამოვნო სუნის შარდი, პირის სიმშრალე და ჩაძირული თვალები.
  • ჰეპატიტი (ინფექციური სიყვითლე): არსებობს A, B, C, D და E ჰეპატიტის ტიპები. ჰეპატიტის ვირუსები, რომლებიც ღვიძლის ანთებას იწვევს, ჩვეულებრივ გადაეცემა სისხლით და სქესობრივი კონტაქტით. B ჰეპატიტს ახასიათებს სიყვითლე, დაღლილობა და ძალის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამ ვირუსის პრევენცია ვაქცინაციით, ზოგჯერ საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია. C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც B ტიპის მსგავსად აზიანებს ღვიძლს. გარდა სიყვითლისა, C ვირუსს ახასიათებს სხვა სიმპტომებიც. შემთხვევათა 70%-ში ეს დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს. არანამკურნალევი D, B და C ჰეპატიტის დროს წლების შემდეგ მაღალია ციროზის ან ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი.
  • მენინგიტი: მენინგიტი არის დაავადება, რომელიც ვითარდება ზურგისა და თავის ტვინის გარსების ანთების შედეგად. იგი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ბაქტერიებმა, ვირუსებმა და პარაზიტებმა. მაღალი ცხელება, ღებინება და ძლიერი თავის ტკივილი დაავადების პირველ სიმპტომებია. მენინგიტი, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ასაკში, ძალიან საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. იგი საჭიროებს სასწრაფო ჩარევას,რადგან დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. ამიტომ მშობლების მოვალეობაა იყვნენ ძალიან ყურადღებით და რომელიმე მსგავსი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
  • აივ და შიდსი: ტერმინები აივ და შიდსი ხშირად ერთმანეთში ერევათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საყოველთაოდ აღიქმება ერთიდაიგივე დაავადებად,რეალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აივ-ეს არის ვირუსი, რომელიც ორგანიზმს გადაეცემა დაუცველი სქესობრივი კონტაქტის გზით და სისხლით და აქვეითებს იმუნურ სისტემას. იგი ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყელის ტკივილი, ცხელება, გამონაყარი, დიარეა, თავის ტკივილი და ღებინება. თუ არ ჩატარდება სათანადო მკურნალობა, წლების განმავლობაში გამოიწვევს იმუნური სისტემის რღვევას და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გააქტიურებას, შედეგად დაავადება პროგრესირებს და ვითარდება შიდსი, რომელმაც შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 2017 წელს, მკურნალობის ჩატარების პირობით , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამოიღო აივ ინფექცია მომაკვდინებელი დაავადების სიიდან. იმუნური სისტემის სერიოზულ დაზიანებამდე დროული მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ორგანიზმს დაუბრუნდეს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. ვინაიდან აივ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავებული არ არის, ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ცხოვრების წესს, რათა არ მოხდეს ორგანიზმის დამცავი მექანიზმების შესუსტება. დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტმა უნდა გაიაროს რეგულარული სამედიცინო შემოწმება.
  • ტიფი: ტიფოიდური ცხელება, გამოწვეული ბაქტერიით "Salmonella typhi", არის დაავადება, რომელიც გადადის მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე. ტიფი, ორგანიზმში მოხვედრიდან 1-2 კვირის შემდეგ ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, ყაბზობა, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყელის ტკივილი და კუნთების ტკივილი. ტიფი, რომელიც შეიძლება გადაეცეს უცნობი წარმოშობის, ან არასაკმარისად ქლორირებული წყლით, ისეთი საკვებით, როგორიცაა ცუდად მოხარშული ხორცი და კვერცხი, არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები, ასევე გარემოში შეიძლება გავრცელდეს დაინფიცირებული ადამიანის შარდით. დაავადების დიაგნოსტიკა ხდება შარდის, განავლის და სისხლის ანალიზებით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ტიფის ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი 50%-ით , დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიგიენის დაცვა და ყურადღების მიქცევა სასმელ და საკვებ პროდუქტებზე.

მეორე სამედიცინო მოსაზრება

✓ Valid

შექმნის თარიღი

12.07.2024 06:56

განახლების თარიღი

12.07.2024 06:56

შემდგენი

მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო

ჩვენი საავადმყოფოები სამედიცინო განყოფილებებით